English / ქართული / русский /
ირმა ტყემალაძე
დისტანციური დასაქმების როლი COVID-19-ის პანდემიის უარყოფითი ეფექტების შემცირებაში

ანოტაცია. COVID-19-ისპანდემიამ დასაქმების სტანდარტული მოდელის ნაცვლად დისტანციური დასაქმების მოდელი შემოგვთავაზა. სამუშაოს უწყვეტობის შესანარჩულებლად სწრაფი ტემპით მოხდა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმების ათვისება და დანერგვა. აქტუალურ საკითხად იქცა დისტანციური სამუშაოს მასობრივი პრაქტიკის შედეგების შესწავლა და შეფასება. დასახული მიზნის ფარგლებში გაანალიზებულია ქართული და უცხოური პუბლიკაციები და ნაშრომები, შესწავლილია ექსპერტთა მოსაზრებები, დამუშავებულია სტატისტიკური მასალა. შედეგად გამოვლენილია დისტანციური ფორმატის უპირატესობები და სირთულეები, განხილულია შრომის ბაზარზე წარმოქმნილი ტენდენციები, მათი შემდგომი გავრცელების და განვითარების პერსპექტივები.

საკვანძო სიტყვები: დისტანციური დასაქმება, COVID-19-ის პანდემია, ეკონომიკური განვითარება.

შესავალი

სამუშაოს ხასიათი და პირობები მუდმივ ცვლილებას განიცდის. ჩნდება ახალი პროფესიები, იზრდება ინტელექტუალური შრომით დასაქმებულთა წილი. ტექნოლოგიების განვითარება კი ქმნის დისტანციური მუშაობის გავრცელების პირობებს. დისტანციური დასაქმება, შრომის პროცესის ორგანიზაციის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს, რომლის დროსაც კომპანიების შტატის თანამშრომლები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ დამქირავებლის სამუშაო სივრცის გარეთ, მუშაობის პროცესში ძირითადი კომუნიკაცია ხორციელდება ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით.

რა თქმა უნდა, დისტანციური დასაქმება  სამეურნეო საქმიანობის ყველა სფეროში არ არის შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, მისი მიზანშეწონილობა განიხილება ე.წ. ტრანსაქციული ინდუსტრიებისა და სპეციალობებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის კომუნიკაციით განხორციელებულ ინფორმაციის გადაცემასთან. ასეთია, მაგალითად: ფინანსები, ბუღალტერია, აუდიტი, საკონსულტაციო და მთარგმნელობითი მომსახურება, დისტანციური შესყიდვები, გაყიდვები,  IT სფეროს წარმომადგენლები და სხვ. მისი აშკარა პერსპექტივებისა და მთელი რიგი გარკვეული უპირატესობებისა ეკონომიკის დიგიტალიზაციის კონტექსტში, მუშაობის ორგანიზების ამ ფორმატმა მრავალი კითხვა გააჩინა, როგორც დამსაქმებლების, ისე დასაქმებულების მხრიდან სოციალურ-ეკონომიკური, ორგანიზაციული თუ სამართლებრივი ასპექტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ მიზეზების გამო დისტანციური დასაქმების მიმართ ზრდადი  ინტერესი არ შეიმჩნეოდა ქართულ რეალობაში და დამსაქმებლები უპირატესად ორიენტირებულნი იყვნენ დასაქმების ტრადიციულ ფორმებზე.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. დღეს უკვე აღნიშნული ფორმით ადამიანთა დასაქმება ორგანიზაციების უმრავლესობის სამუშაო კულტურის ნაწილად იქცა. 2020 წლის გაზაფხულიდან საქართველოს შრომის ბაზარზე წარმატებულად დაინერგა და განხორციელდა მუშაობა დისტანციური პლატფორმების საშუალებით. 21 მარტიდან საკარანტინო რეჟიმის შემოღება ერთგვარი მოტივატორი გახდა თითოეული დამსაქმებლისათვის, ეფიქრათ დასაქმების ახალი ფორმების გამოყენებაზე. 

***

პანდემიის მიერ „შემოთავაზებული“ რეალობა ყველაზე კარგად შრომის ბაზარმა აირეკლა.  გარდა იმისა, რომ  შედეგები დროის მოკლე პერიოდისათვის სახეზეა, მას გრძელვადიან პერსპექტივაში  ჯაჭვური პროცესების განვითარების რისკი აქვს.

პირველი პრობლემა, დასაქმების ალტერნატიული ფორმების, უფრო ზუსტად და უმეტეს შემთხვევაში, დისტანციური დასაქმების მოდელის დანერგვა იყო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეადარეს დისტანციურ დასაქმებაზე გადასვლის სიმარტივე ოცდაათ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. განვითარებულმა ქვეყნებმა, რომლებსაც აქვთ ინტერნეტზე წვდომის მაღალი დონე, შერეული პროფესიები, დასაქმებულზე ორიენტირებული პოლიტიკა, საუკეთესო შედეგს ბუნებრივად მიაღწიეს, მათ შორისაა ბელგია, კანადა და შვედეთი. შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ინტერნეტზე თავისუფალი წვდომა აქვს, დასაქმებულთა უმეტესი წილი კი დაკავებულია ისეთი საქმიანობით, რომელთა შესასრულებლადაც სხვა ადამიანებთან ფიზიკური სიახლოვე სჭირდებათ, მეთერთმეტე ადგილზეა. განვითარებადი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია, ჩინეთი და ნიგერია, ყველაზე მეტ დაბრკოლებას განიცდიან, ინტერნეტის დაბალი ხარისხისა და თაობებით ინტეგრირებულ ოჯახების გამო.

დისტანციური დასაქმების მკვლევარის, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ნ. ბლუმის მიხედვით,   აშშ-ში დასაქმებულთა 42 პროცენტი მუშაობს სახლიდან სრულ განაკვეთზე, ხოლო 33 პროცენტი საერთოდ ვერ მუშაობს.  დარჩენილი 26 პროცენტი მუშაობს დამსაქმებლის შენობაში, უპირატესად მომსახურების სფეროს მუშაკები [Bloom N., Barrero J., Davis, 2020]. გამოდის თითქმის ორჯერ მეტი თანამშრომელი მუშაობს სახლიდან, ვიდრე სამუშაო ადგილზე. მართალია, პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკაზე, ფაქტიურად ეკონომიკური ზრდის ტემპი  ყველა ქვეყანაში შეამცირა, ისე რომ ახლანდელ მდგომარეობას, ალბათ, 2022 წლამდე ვერც კი დავუბრუნდებით[1] [Baker et al. 2020], მაგრამ სახლიდან მუშაობის უნარის გარეშე ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა. დისტანციურმა მუშაობამ საშუალება მოგვცა შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცირება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასე რომ, სახლიდან მუშაობა არამარტო ეკონომიკურად აუცილებელია, არამედ ის კრიტიკული იარაღია პანდემიასთან ბრძოლაში.

აშშ-ში კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირები, მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები ბევრად უფრო ხშირად მუშაობენ სახლიდან. ისინი ჩვეულებრივ განაგრძობენ მუშაობას, უნარ-ჩვევების განვითარებას და კარიერულ წინსვლას. ზარალდება დასაქმებულთა ის კატეგორია, ვინც ვერ იმუშავებს სახლიდან - სამუშაოს ხასიათის გამო, ან იმის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ შესაფერისი სივრცე ან ინტერნეტთან კავშირი. [Bloom N., Barrero J., Davis, 2020].  

საქართველომ პანდემიის პირველი ტალღა სამედიცინო თვალსაზრისით შედარებით მსუბუქად გადაიტანა, მაგრამ ისე როგორც ბევრი გარდამავალი ან განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა,  ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ეკონომიკის სამმა სექტორმა: ტურიზმმა, ტრანსპორტმა და საცალო ვაჭრობამ ფაქტიურად „უძრაობის“ ეტაპზე გადაინაცვლა. კრიზისმა მოიცვა მშენებლობა,  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორები. საქართველოს ეკონომიკა ივნისში  7,7%-ით, ხოლო 2020 წლის ორი კვარტალის მიხედვით  5,8%-ით შემცირდა.  აპრილის თვეში, როცა კრიზისი ყველაზე მწვავე იყო მშპ-ს შემცირებამ 16,6% შეადგინა. გამოშვება შემცირდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. ზემოაღნიშნულ ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებში დასაქმებულთა რაოდენობის კლება ცხადია, მაგრამ არც სხვა სფეროები გადარჩნენ დასაქმებულთა რაოდენობის  შემცირებას. მაგალითად,  მშენებლობაში 2020 წელს, წინა წლებთან შედარებით 16%-ით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში-4,5%-ით, ხელოვნება, გართობა და დასვენებაში-35%-ით, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებში-18%-ით. დასაქმებულთა რაოდენობა არ შემცირდა სახელმწიფო სექტორში, განსხვავებით კერძო სექტორისგან, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 14-ით  [10] შემცირდა.

ერთადერთი სექტორი, რომელიც კრიზისის პერიოდში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა მრეწველობაა, ასევე შედარებით უკეთესი მდგომარეობაა  განათლებაში. დისტანციური სწავლების კუთხით,  საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაც კი არის აღიარებული [11].. როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში მოხერხდა დისტანციურ რეჟიმზე დროული გადასვლა. შეირჩა ელექტრონული სწავლების აპლიკაციები/ფორმები (ZOOM, Microsoft Teams, LMS, Moodle და სხვ.). ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, დაემატა ტერმინი “დისტანციური სწავლება”, სწავლების ახალი ფორმისთვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის მიზნით. ასევე წარმატებით მიმდინარეობს სხვადასხვა სასერთიფიკატო კურსების თუ ტრენინგების გამართვა ონლაინ-პლატფორმებით, ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ადამიანური კაპიტალის დაგროვება მოახერხა პანდემიის  პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წარმატებები ძირითადად მსხვილი ქალაქების „ხვედრია“, პრობლემად რჩება სწავლების და დასაქმების  საკითხი მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში, ასევე სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად ნაკლებადშეძლებული ოჯახებისათვის. 

პანდემიამ  დასაქმების სქესობრივ სტრუქტურაში დისბალანსის საშიშროება შექმნა. ონლაინ- მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, მიტანის სერვისების გააქტიურებამ კონსულტანტების რაოდენობის შემცირება და კურიერების რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ანუ ე.წ. „ქალთა“ პროფესიები და საქმიანობების შემცირების ტენდენციასთან გვაქვს საქმე, ხოლო მამაკაცები უფრო მეტად ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს.

შრომის ბაზრის მდგომარეობას ანუ მის დაძაბულობის ხარისხს, გარკვეულწილად ახასიათებს ვაკანსიების რაოდენობა, რაც პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ყველა იმ კომპანიამ, რომელსაც ახალი რესურსი სჭირდება, ეს პროცესი მოახერხა და გადაიტანა ვირტუალურ სივრცეში. სადაც  გამოვლინდა ტენდენცია,  რომ შრომის ბაზარი კიდევ უფრო მეტად გლობალური ხდება.

საქართველოს შრომის ბაზრისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის საზღვრების დახურვა და უცხოეთში დასაქმებულების შინ დაბრუნება. პრობლემა არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოში არსებული საკარანტინო ზომებია, არამედ ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ვარდნაა. ემიგრანტების დაბრუნებას ერთდროულად რამდენიმე ეფექტი ექნება. პირველ რიგში, იგი შრომის შიდა ბაზარზე გაზრდის უმუშევრობას, და მეორე მხრივ, შემცირდა  უცხოეთიდან მიღებული შემოსავლების რაოდენობა. რაც კიდევ უფრო მეტად შეანელებს ეკონომიკური ზრდის პროცესს.

 მრავალწახნაგოვანი კრიზისის პირობებში, დისტანციურმა დასაქმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უარყოფითი ეფექტების შემსუბუქებაში, შენარჩუნდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის პანდემიამდე არსებული შემოსავლების  დონე, ხოლო მეორე ნაწილისთვის სახელმწიფოს მხრიდან დახმარებების გაცემა მოხერხდა. ბევრი დასაქმებულისთვის ის მუშაობის მისაღებ ფორმად იქცა სხვადასხვა  მიზეზთა გამო: უფრო მეტი თავისუფალი დრო, უფრო მეტი ურთიერთობა ოჯახთან, სამსახურიდან სახლამდე და პირიქით გადაადგილებისათვის დროის დანაკარგების აღმოფხვრა, ნაკლები კონტროლი მუშაობის პროცესში და ა.შ. ზოგადად, განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც დასაქმების სტრუქტურა იძლევა დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას, ეს პრაქტიკა დიდი ხანია დანერგილია. საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყანათა ჯგუფს, სადაც ამ ფორმატის გამოყენება ჯერ კიდევ ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ:

  • ტრადიციული დასაქმების ფორმების არსებობის აუცილებლობა დასაქმებულთა 55-60%-თან მიმართებში;
  • სახლის პირობებში შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ნაკლებობა, სამუშაო სივრცის გამოყოფის პრობლემა, განსაკუთრებით სრული სამუშაო დღისთვის;
  • ცხოვრება-მუშაობის ბალანსის შენარჩუნება, დასაქმებულის უფლებების დაცვა საკანონმდებლო ჩარჩოს გარეშე;
  • თაობათა თანაცხოვრებისა აქტუალობა;
  • მენეჯერებისა და მმართველებისათვის კონტროლისა და კოორდინაციის ფუნქციის შესრულება;
  • არარეგლამენტირებული სამუშაო დრო, ქალთა ორმაგი  დატვირთვა;
  • თანამშრომლობის არარსებობა; კონცენტრაციის ნაკლებობა
  • კიბერუსაფრთხოების პრობლემა.

ზემოთჩამოთვლილი სირთულეების მიუხედავად, სამომავლოდ საქართველოს შრომის ბაზარზეც შენარჩუნდება შერეული მუშაობის საჭიროება, გამომდინარე იქედან, რომ კრიზისმა ხელი შეუწყო ახალი სამუშაო პრაქტიკის შემოღებას, კომპანიები უფრო მოტივირებულნი არიან დაუშვან დისტანციური მუშაობა, ონლაინ შეძენის გამოცდილება მომხმარებელსაც უვითარებს ახალ ჩვევებს, ამიტომ ეპიდემიის დასრულების შემდეგაც სულ უფრო მეტი მათგანი მიმართავს ელექტრონულ შესყიდვებს. 

დასკვნა

დისტანციური დასაქმება ერთადერთი გამოსავალი იყო და არის არსებულ რეალობაში.  მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კორონომიკის პირობებში უარყოფითი ეფექტების შემსუბუქების კუთხით. სავარაუდოდ პანდემიის შემდეგ, უკვე ეკონომიკური მიზეზების გამო, შენარჩუნდება შერეული მუშაობის საჭიროება. რაც გამართლებულია იმ ფაქტით, რომ კრიზისმა ხელი შეუწყო ახალი სამუშაო პრაქტიკის შემოღებას და დანერგვას, კომპანიები კი უფრო მეტად გახადა მოტივირებულნი, მარტივად დაუშვან სამუშაო სივრცის გარეთ დასაქმებულის მიერ თავიანთი ფუნქციების განხორციელება. კრიზისმა დაგვანახა ეკონომიკის დივერსიფიკაციიის მნიშვნელობა და მწარმოებლური დარგების განვითარების აუცილებლობა.  ამ ეტაპზე კი ალბათ სახელმწიფოს მეტი ჩარევის საჭიროება  ჩნდება, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი არ გახდეს. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, იმისათვის რომ  ორგანიზაციებმა მასობრივად არ გაათავისუფლონ მუშაკები სამსახურიდან. 

ლიტერატურის მიმოხილვა

  1. F. Saltiel, “Who Can Work From Home in Developing Countries?” working paper, Duke University, Durham, North Carolina, April 2020.
  2. Why Working from Home Is a “Future-Looking Technology” // Stanford GSB. Economics. 22.06.2017. URL: https://www.gsb.stanford.edu/insights/why-working-home-future-looking-technology
  3. Key Remote Work & Telecommuting Statistics for 2020 // Owl Labs. 04.12.2019. URL: https://www.owllabs.com/blog/remote-workstatistics
  4. State Of Remote Work // Buffer. 2019 Report. URL: https://buffer.com/state-of-remote-work-2019
  5. Marco Minervini , Darren Murph and Phanish Puranam,  Remote Work Doesn’t Have to Mean All-Day Video September 09, 2020 Harvard business review
  6. Цифровая грамотность и удаленная работа в условиях пандемии. Совместный аналитический доклад ВЦИОМ и Social Business Group. 15.05.2020. URL: https://wciom.ru/index.php?id=236&uid=10280
  7. Авдеева Е.А., Давыдова Т.Е., Шульгин А.В. Формирование гибкой рабочей среды как следствие цифровизации экономики // ФЭС: Финансы. Экономика. 2019. Т. 16. № 11. С. 12–16. URL: https://elibrary.ru/item.asp?id=41711986
  8. Данцкер И. Проблемы организации удаленной работы // Системный администратор. 2020.№ 3 (208). С. 8–9. URL:  https://elibrary.ru/item.asp?id=42685666
  9. Волкова С.А. Готовность к дистанционной работе в условиях самоизоляции как признак профессиональной культуры педагога // Вопросы педагогики. 2020. № 5-1. С. 83
  10. 10. www.geostat.ge
  11.  http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=1028

[1]   Scott R. Baker Nicholas Bloom Steven J. Davis Stephen J. Terry,  COVID-INDUCED ECONOMIC UNCERTAINTY, Cambridge, MA 02138 April 2020